შესწორება: სათაურში თავდაპირველი ფრაზა იყო "ნებისმიერ ფასად ომის აცილება ჩვენი მთავრობის ფილოსოფიაა", თუმცა როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, სინქრონულ თარგმანში ხარვეზი იყო და პრემიერმინისტრს თავის გამოსვლაში "ნებისმიერ ფასად" არ უთქვამს.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ მისი მთავრობის "ფუნდამენტური ფილოსოფია ომის აცილება" და მშვიდობის უზრუნველყოფაა.
მისი თქმით, მზად არიან, "სამხრეთ კავკასიაში საბოლოო მშვიდობის დამყარების პროცესში" აზერბაიჯანი და სომხეთი ჩაერთოს.
"გეოგრაფიული მდებარეობის გამო შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა. ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რათა საბოლოო მშვიდობა დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში", - ამბობს ის.
მანამდე ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო უკრაინას ომის დაწყების დღიდან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ხოლო დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობაც კი შეუქო.